ორი სიტყვით "ავტოპილოტზე":
ისტორია: ჟურნალი "ავტოპილოტი" არის რამდენიმე წლის წინ დაწყებული ერთჯერადი ონლაინ და ბეჭდვითი ესემეს და ლოგ-პროექტების გაგრძელება ამჯერად პერიოდული გამოცემის სახით. ძველი პროექტები შეგიძლიათ იხილოთ "გლობალ დარკნეს პაბლიშინგის" პორტალზე: http://zigota.wordpress.com
ფუნქცია: “ავტოპილოტში” ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია ონლაინ გაცვლილი ტექსტური მიმოწერა ყოველდღიური ესემესების, იმეილების, ფორუმების პოსტებისა და სხვადასხვა მესინჯერებიდან შენახული ლოგების სახით.
ჟურნალი ასევე ბეჭდავს ციფრული მიმოწერისას სპონტანურად თუ ძალისხმევით გაჩენილ ტექსტებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მათი დაწერის დროს, არ იყო გამიზნული კონკრეტულ ლიტერატურულ ფორმებად.
რედაქტირების პროცესი ამ ტექსტებს დაუმუშავებელი სიტყვების გროვიდან ადვილად წასაკითხ და, რაც მთავარია, თავშესაქცევ ექსპერიმენტულ პროზად გადააქცევს.
ინტერაქტიული ტექსტების ბეჭდური გავრცელების გარდა, “ავტოპილოტის” დამატებითი ამოცანაა ახალი ქართული მოკლე მოთხრობის პოპულარიზაციაც, რასაც ჟურნალი ნაკლებად ცნობილი ან სრულიად უცნობი ავტორების გამოქვეყნებით ეცდება.
“ავტოპილოტის” პრიორიტეტი უფრო ინდივიდუალური შეგრძნებების ზუსტი გადმოცემის უნარია ვიდრე ამა თუ იმ ავტორის სამწერლო ბექგრაუნდი და პროფესიონალიზმი, რითაც ჟურნალი ცდილობს ავტორის ცნების დესაკრალიზაციას და მკითხველისთვის იმ მატერიების ჩვენებას, რომლებიც ტრადიციული ლიტერატური ფორმების მიღმა დგას.
“ავტოპილოტის” მთავარი სამიზნეებია სიახლე, გართობა და ექსპერიმენტი. შესაბამისად, ეს ჟურნალი უნდა გახდეს მედიატორი თანამედროვე ტექსტის უცნობ ტალანტებსა და გათვითცნობიერებულ მკითხველს შორის.
sms ფორმა: "ავტოპილოტის" ონლაინ ფორმით, ყველა მსურველს შეუძლია გამოგზავნოს თავის ტელეფონში შენახული კარგი წასაკითხი სმს (მოკლე ტექსტური შეტყობინება). გადარჩეული სმს-ები დაიბეჭდება მცირე ფორმატის ჯიბის პერიოდულ გამოცემაში სახელად "ავტოპილოტი".
განმარტება: ”კარგი წასაკითხი” ნიშნავს, რომ მოცემული სმს, თავისი სიმოკლის მიუხედავად, მკითხველში უნდა იწვევდეს იმ სავარაუდო კონდიციის შეგრძნებას, რომელშიც იმყოფებოდა ავტორი, როცა ამ სმს-ს აგზავნიდა. ანუ, მარტივად, რომ ვთქვათ, ეს უნდა იყოს ემოციისა და, სასურველია, იუმორის კარგი ნაზავი (აქვე გამოვრიცხოთ ”პრიკოლები”, ”ღადაობა”, ”სიყვარულის ახსნა”, ”მოკითხვები” ან სხვა სახის სმს-ნაგავი, როგორების მოსმენაც ისედაც შეიძლება ნებისმიერ რადიოარხზე).
ანონიმურობა: ეს სმს-კრებული იქნება სახევრად ანონიმური, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ ესემესებში მოხსენიებული კონკრეტული პიროვნებების სახელები ან შეიცვლება ან გადადაიფარება ვარსკვლავებით. სამაგიეროდ, კრებულის თავში ან ბოლოში მოხსენიებული იქნება ყველა დაბეჭდილი სმს-ის ავტორი, ან სმს-ის გამომგზავნი, ან ორივე (თუ ესენი სხვადასხვა ხალხია). სურვილის შემთხვევაში, ამ სიაში არ მოხვდებიან არც გამომგზავნი და არც ავტორი, თუ მათ მოუნდებათ ანონიმურად დარჩენა. შესაბამისად, მკითხველს საშუალება ექნება ნახოს გამომგზავნების/ავტორების სია, მაგრამ ვერ გაიგებს თუ ვის ეკუთვნის კონკრეტული სმს (თუ ისე არ მოხდა, რომ ის ზედმიწევნით კარგად იცნობს ავტორსა და მისი წერის მანერას, რაც, რათქმაუნდა, არაა გამორიცხული).
სმს-ების ჩაბარება: სმს-ის ჩაბარების ონლაინ ფორმაზე მოხვდებით აქედან: http://avtopiloti.blogspot.com/p/blog-page.html
პ.ს. : თუ მაინც ვერ მიხვდით რაზეა ლაპარაკი, შეგიძლიათ ნახოთ ძველი ერთჯერადი პროექტების pdf-ვერსიები:
http://zigota.files.wordpress.com/2009/07/permanent-press-v1.pdf
http://zigota.files.wordpress.com/2009/07/permanent-press-v2.pdf
http://zigota.files.wordpress.com/2009/11/selected-logs.pdf